სისხლის ახალი ტესტი ხუთი ტიპის კიბოს წლებით ადრე აფიქსირებს, ვიდრე სტანდარტული დიაგნოსტიკა — #1tvმეცნიერება
სისხლის ახალი ტესტი ხუთი ტიპის კიბოს წლებით ადრე აფიქსირებს, ვიდრე სტანდარტული დიაგნოსტიკა — #1tvმეცნიერება

სისხლის ახალი ტესტი ხუთი ტიპის კიბოს წლებით ადრე აფიქსირებს, ვიდრე მის შემჩნევას ტრადიციული დიაგნოსტიკური მეთოდები შეძლებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ჩინურ-ამერიკულ სტარტაპ Singlera Genomics-ის მიერ შექმნილმა ტესტმა კიბო აღმოაჩინა იმ ადამიანთა 91 პროცენტში, რომლებსაც სისიხლის ნიმუშის აღებისას კიბოს სიმპტომები არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, 1-4 წლის განმავლობაში დაესვათ კუჭის, საყლაპავი მილის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის ან ღვიძლის კიბო.

„უშუალო ფოკუსს წარმოადგენს მაღალი რისკის ადამიანთა ტესტირება, ოჯახურ ისტორიაზე, ასაკზე ან სხვა ცნობილ რისკფაქტირებზე დაყრდნობით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კუნ ჟანგი.

კიბოს ადრეული გამოვლენა გადამწყვეტია, რადგან გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც დაავადების მკურნალობა ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი.

თუმცა, ამ დროისათვის ადრეული სკრინინგის მხოლოდ რამდენიმე ეფექტიანი ტესტია ხელმისაწვდომი.

მკვლევრებმა 600-ზე მეტი ინდივიდის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს ჯანმრთელობის ზოგადი კვლევის პროგრამიდან, რომელიც 2007-2017 წლებში ჩინეთში მიმდინარეობდა და სულ 120 000 ადამიანი იყო ჩართული. მონიტორინგის პროგრამა მოიცავდა სისხლის ნიმუშების რეგულარულად აღებას.

მკვლევრებმა ახალი ტესტის გამოყენებით შეამოწმეს კიბოს დიაგნოზის მქონე 191 პაციენტის სისხლის ნიმუშები, რომლებიც დიაგნოზამდე ოთხი წლით ადრე იყო აღებული.

ამას გარდა, ნიმუშებში კიბო მათ დამოუკიდებლად, 88-პროცენტიანი სიზუსტით დააფიქსირეს 113 ისეთი პაციენტის ნიმუშშიც, რომლებსაც სისხლის აღებისას კიბოს დიაგნოზი უკვე დასმული ჰქონდათ.

ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა ათ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და მისი მიზანია ასიმპტომურ დაავადებათა დაფიქსირება დნმ-ის მეთილირების ანალიზის სახელით ცნობილ ბიოლოგიურ პროცესზე დაყრდნობით; ამ დროს ხდება სხვადასხვა სახის კიბოებისათვის დამახასიათებელი დნმ-ის ნიშნების სკრინინგი.

ავტორები აცხადებენ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, რათა დადასტურდეს ამ ახალი ტესტის მიერ კიბოს ადრეული დაფიქსირების პოტენციალი.

კიბო დღეს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ეწირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს ფილტვის კიბომ 1,76 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, მსხვილი ნაწლავის კიბომ 862 000, კუჭის კიბომ 783 000, ღვიძლის კიბომ 782 000 და საყლაპავი მილის კიბომ 508 000 ადამიანი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი