„სირიის დემოკრატიული ძალების“ ცნობით, სირიაში თურქეთის ოპერაციას ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა
სირიაში თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციას ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მსხვერპლი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს განხორციელებულმა ავიაიერიშმა გამოიწვია.
„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო კოალიციას, აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელი შეუშალონ გარდაუვალ ჰუმანიტარულ კრიზისს“, – განაცხადეს სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა.
თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.