„სირიის დემოკრატიული ძალების“ ცნობით, სირიაში თურქეთის ოპერაციას ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

20:28, 09.10.2019

სირიაში თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციას ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მსხვერპლი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს განხორციელებულმა ავიაიერიშმა გამოიწვია.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო კოალიციას, აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელი შეუშალონ გარდაუვალ ჰუმანიტარულ კრიზისს“, – განაცხადეს სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

მსგავსი