სირია-თურქეთის საზღვართან ტერაქტებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
სირია-თურქეთის საზღვართან ტერაქტებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ქამიშლიში ტერაქტების სერიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. „რეიტერის“ ინფორმაციით, ქურთების მიერ კონტროლირებულ ქალაქში სამი აფეთქება მოხდა.

აფეთქებების შედეგად სხეულის დაზიანება 26-მა ადამიანმა მიიღო. ქამიშლი სირია-თურქეთის საზღვართან მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კაფესთან და ეკლესიასთან ორი დანაღმული ავტომობილი და მოტოციკლი აფეთქდა. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების ხუთი წარმომადგენელია. ქურთებით და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რეგიონში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ „მძინარე უჯრედები ჯერ კიდევ ქმნიან საფრთხეს“ და თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჯიჰადისტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

თურქეთმა გასულ თვეში ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ დაიწყო.