„სიონი“ მერვე მოთამაშეს შეელია
„სიონი“ მერვე მოთამაშეს შეელია

ბოლნისის „სიონი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მერვე ფეხბურთელმა დატოვა – მწვრთნელის მონახაზში ზვიად სიხარულია ვეღარ ჩაჯდა.

ზვიად სიხარულია, რომელმაც გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასა და დარჩენაში თავისი წვლილი შეიტანა, მთავარი მწვრთნელის სურვილით, „სიონის“ ღირსებას აღარ დაიცავს.

ზვიად სიხარულია ბოლნისურ კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა. საყრდენმა ნახევარმცველმა „სიონის“ მაისურით სულ ცხრა გოლის გატანა შეძლო, მიმდინარე სეზონში 765 წუთი ითამაშა და აქტივში ორი გოლი ჩაიწერა.

26 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია – „ზუგდიდი“, „ჩიხურა“, „ზესტაფონი“. იმერული კლუბის შემდეგ არაბულ გუნდში ირიცხებოდა.

ამ დროისთვის ბოლნისური გუნდი რვა ფეხბურთელმა დატოვა – ლაშა ლეჟავამ, თორნიკე ზარქუამ, დავით რაჟამაშვილმა, ლაშა მანაგაძემ, ვაჟა ქიქავამ, თამაზ მაქაცარიამ, დავით კირკიტაძემ და ახლა უკვე ზვიად სიხარულიამ.