სინოპტიკოსები საქართველოში 21 აგვისტომდე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

07:49, 19.08.2018

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 19-20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება. ამავე ტემპერატურას პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც 19-20 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი.

გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად აღინიშნა თიანეთში, თელავსა და ახმეტის რაიონის ზოგიერთ სოფლებში.

მსგავსი