სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება
სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, ძნელი სათქმელია, სპეციალურად მეუფე იაკობის განცხადების გამო გაიმართება თუ არა სინოდის სხდომა.

„სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება, რადგან არ შეკრებილა, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხისთვის შეიკრიბება ცალკე თუ არა, უცნობია. მღვდელმთავრები ითხოვენ, რომ სინოდზე იქნას განხილული ეს საკითხი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება თავად მეუფე იაკობის განცხადების შინაარსს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხემძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია მეუფე იაკობის მიერ დასახელებულ პირთა დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის მიმართ, ამ დამოკიდებულების საფუძველზე ის ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადების შინაარსს წარმოუდგენლად მიიჩნევს.

„როდესაც საუბარია იმ პირებზე, რომლებიც დასახელდნენ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ან პრემიერი, ან ყოფილი შსს მინისტრი, ან ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყვნენ ამაში გარეული. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვიცი მათი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.