სილვიო დომენტე - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, საკითხი რამდენად კომპლექსურია, რამდენი დაზუსტებაა საჭირო, რადგან კლინიკური მტკიცებულება ძალიან მწირია
სილვიო დომენტე - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, საკითხი რამდენად კომპლექსურია, რამდენი დაზუსტებაა საჭირო, რადგან კლინიკური მტკიცებულება ძალიან მწირია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელი შეხვედრა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით მიმდინარეობდა, რომელსაც სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია არსებობს და მრავალ ქვეყანაში მისი დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა აქონდროპლაზიას და მკურნალობაზე წვდომას საქართველოში ბავშვებისთვის, რომელთაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ. შეხვედრა ეხებოდა ამ იშვიათ დაავადებას და ორფანულ მედიკამენტს, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი შეკითხვა, დაზუსტებაა საჭირო. ამავდროულად, ამ სამკურნალო საშუალებისთვის კლინიკური მტკიცებულება ძალიან მწირია.

მისაღებია რამდენიმე გადაწყვეტილება. პირველი, ამ მედიკამენტის საქართველოში გამოყენებისთვის დამტკიცება. როგორც წესი, ეს ხორციელდება ექსპერტების, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელიც ეფუძნება კლინიკურ მტკიცებულებებსა და კლინიკურ ცდებს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ხორციელდება ფარმაკოეკონომიკური ანალიზისა და ხარჯთეფექტურობის ანალიზით. ვინაიდან ეს იშვიათი დაავადებაა, ძალიან ცოტა პაციენტია და კლინიკური მტკიცებულებებიც მწირია. მრავალ ქვეყანაში მისი დამტკიცება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა გამოყენებისთვის დამტკიცებაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია და არ გულისხმობს, რომ დამტკიცების შემდეგ ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობისთივს. ამიტომ შემდეგი ეტაპი იქნება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების დამტკიცება და ანაზღაურების სხვადასხვა სქემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვადასხვა წყაროდან და ასე შემდეგ. ამასაც გარკვეული დრო მიაქვს და დამოკიდებულია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე, ბიუჯეტის სირთულეებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ დამტკიცდება მოხმარებისთვის და დამტკიცდება დაფინანსებაც, გარანტია არ არსებობს, რომ მედიკამენტი დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი ადგილზე და გახდება ანაზღაურებადი.

ხელისუფლებამ გადადგა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პირველი – შექმნა საბჭო იშვიათი დაავადებებისთვის. საბჭომ უნდა გაანალიზოს ყველა არსებული მტკიცებულება და მიიღოს გადაწყვეტილება მის კლინიკურ გამოყენებაზე, დამტკიცებასა და დაფინანსებაზე; მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები მწარმოებელთან, თუმცა ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებებია და ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გასტანს ან რა შედეგი ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყო“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

ამასთან, როგორც სილვიო დომენტემ აღნიშნა, მკურნალობის პროტოკოლის შემუშავებამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კომპლექსურად გამოიკვლევენ და მათ მკურნალობას შესთავაზებენ.

„ვინაიდან ხანგრძლივი პროცესია, ხელისუფლებამ, ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, არ დაელოდონ საბოლოო გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ექსპერტებმა უკვე დაიწყეს პროტოკოლის შემუშავება ასეთი მკურნალობისთვის და ვიდრე პროტოკოლი იქნება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამინისტრომ, მთავრობამ და პარლამენტმა პირობა დადეს, რომ ამ ბავშვებს შესთავაზებენ სხვა ყველა საჭირო სერვისს. ეს არ ეხება მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას, არის მკურნალობის სხვა საშუალებებიც. სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ევროკავშირში, აშშ-სა და იაპონიაში არის ქირურგიული, ჰორმონალური მკურნალობები, ასევე მართავენ ყველა შესაძლო გართულებას. გადაწყვეტილია, რომ ამ ბავშვებს გამოიკვლევენ კომპლექსურად და შესთავაზებენ მკურნალობას“, – აღნიშნა სილვიო დომენტემ.