შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან რვა მოთამაშე დაგვაკლდა, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან რვა მოთამაშე დაგვაკლდა, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ
შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა სენტ გალენის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრაზე ილაპარაკა.
 
„ვითარება არ შეცვლილა და ჩემზე საქართველოსთან შეხვედრამდეც ისეთივე ზემოქმედებაა, როგორც ეს ირლანდიამდე იყო. ევრო 2020-ის სავარაუდო მატჩში ერთადერთი განსხვავებული ელემენტი ისაა, რომ ირლანდიის მოგების წყალობით, ჩვენი ბედი მთლიანად ჩვენს ხელშია. მე არ მსურს ალბათობებისა და შესაძლო სცენარების ხსენება. ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგება გვსურს. ეს განახლებული გუნდით მოგვიწევს, რადგან შვეიცარიის ნაკრების რვა საკვანძო მოთამაშე მატჩს გამოტოვებს. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ“, – ამბობს ვლადიმირ პეტკოვიჩი.
შვეიცარიელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან თბილისში გამართული შეხვედრა (ანგარიშით 2:0 მოიგეს) გაიხსენა: „ჩვენ უნდა მოვიგოთ და საამისოდ, მეტოქისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებიც უნდა გავითვალისწინოთ. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ლაპარაკობდნენ, რომ საქართველო ისეთი გუნდი იყო, რომელსაც ანგარიშს არავინ უწევდა და რომელთან გამარჯვებაც ნორმალური ამბავი იყო. მაგრამ მათ თბილისში ირლანდიასთან და დანიასთანაც მატჩები ანგარიშით 0:0 დაასრულეს. ამ გუნდმა ერთა ლიგის გათამაშებაში მშვენიერ შედეგს მიაღწია და მაღალ დივიზიონში დაწინაურდა. ამავე დროს, საკმაოდ კარგ და განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს“.
შვეიცარია-საქართველოს შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.