შვედეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჯარისკაცები სასწავლო მისიის ფარგლებში გაგზავნოს
შვედეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჯარისკაცები სასწავლო მისიის ფარგლებში გაგზავნოს

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები სასწავლო მისიის ფარგლებში გაგზავნოს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის ამბიციების განხორციელების მნიშვნელოვან ნაწილს“, – აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირის ყურადღება თითქმის მთლიანად არის მიპყრობილი პოლონეთზე და ბელარუსის საზღვართან არსებულ ვითარებაზე, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ უკრაინის საკითხმა მეორე რიგში გადაინაცვლა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ მკაფიო სოლიდარობის გამოცხადება.

შესაბამისი მისიის გაგზავნის შესახებ შეთავაზება ბალტიის ქვეყნებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მდგომარეობა დაიძაბა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.