შვედეთის პრემიერი - ვუერთდებით ნატო-ს, რათა უკეთ დავიცვათ ყველაფერი, შეგვიძლია, ველოდოთ, რომ რუსეთს არ მოეწონება შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, მათ არც ფინეთის გაწევრიანება მოეწონათ
შვედეთის პრემიერი - ვუერთდებით ნატო-ს, რათა უკეთ დავიცვათ ყველაფერი, შეგვიძლია, ველოდოთ, რომ რუსეთს არ მოეწონება შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, მათ არც ფინეთის გაწევრიანება მოეწონათ

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, შვედეთის მოლოდინია, რომ რუსეთს არ მოეწონება ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

„რუსეთს რაც შეეხება, ერთადერთი, რისი მოლოდინიც შეგვიძლია გვქონდეს, არის ის, რომ მათ არ მოეწონებათ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება. მათ არც ფინეთის გაწევრიანება მოეწონათ“, – აღნიშნა კრისტერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ისტორიული დღეა.

„დღეს ისტორიული დღეა. ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა ხმა მისცა შვედეთს, გახდეს ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული დღე, რომლის მოწმეებიც ვართ. შვედეთი ტოვებს 200-წლიან ნეიტრალიტეტს და ეს არის სერიოზული ნაბიჯი, ამასთან ერთად, ძალიან ბუნებრივი. შვედეთი გამორჩეული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ვუერთდებით ნატო-ს, რათა უკეთ დავიცვათ ყველაფერი, რაც გვაქვს, რისიც გვჯერა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას და ღირებულებებს სხვებთან ერთად“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.