შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წვრთნებს საჰაერო სივრცით უზრუნველყოფენ
შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წვრთნებს საჰაერო სივრცით უზრუნველყოფენ

შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წვრთნებს საჰაერო სივრცით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ნორვეგიის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  რუნე იაკობსენმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური წვრთნები Trident Juncture რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან  სწავლება რუსეთის საზღვრიდან საკმაოდ შორს ჩატარდება.

„სწავლებების ცენტრალური რაიონი რუსეთის საზღვრიდან ათასი კილომეტრის მოშორებით იქნება. საჰაერო ოპერაციები კი, რუსეთიდან 500 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება. სწორედ ამიტომ რუსეთს არ უნდა ეშინოდეს ამ თავდაცვითი წვრთნების“,-განაცხადა მან.

მასშტაბური სამხედრო წვრთნები Trident Juncture ნორვეგიაში ორ ეტაპად გაიმართება. 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე. სწავლებებში რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. საუბარია დაახლოებით 40 ათას ჯარისკაცზე. მანევრებში მონაწილეობას 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასი სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Trident Juncture-ში ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენიც“ ჩაერთვება.