„შუქურას“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამოსთან“ ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გასამართი მატჩის წინ კომენტარი ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა გააკეთა.
„ჩემპიონატში იოლი მატჩი არ არსებობს, პირველი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ძალიან რთულია, თუმცა თამაში ყველასთან შესაძლებელია. „შუქურას“ მიზანია, ჩვენი სახე და ბრძოლისუნარიანობა ვაჩვენოთ“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.
ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, ახალ სეზონში გუნდის ერთ-ერთი პრობლემა იქნება, საკუთარ სტადიონზე რომ ვერ ითამაშებს.
„დიდი პრობლემაა, როდესაც საკუთარ მოედანზე არ გიწევს თამაში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. მინდა, ცალკე გამოვყო გულშემატკივრების თემა, საკმაოდ დიდი არმიაა, დაინტერესებულები არიან კლუბის ბედით და, შესაბამისად, ვალდებული ვართ, ჩვენი გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ“, – აცხადებს სოსიაშვილი.
ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშების პირველი ტურის მატჩს ქობულეთის „შუქურა“ ბათუმის „დინამოსთან“ კვირას, 26 თებერვალს გამართავს. აჭარული დაპირისპირება ბათუმის სტადიონზე 20:00-ზე დაიწყება.