„შუქურამ“ „მერანის“ ფეხბურთელები გადაიბირა - ქობულეთელებმა სეზონისათვის დაკომპლექტება დაიწყეს
„შუქურამ“ „მერანის“ ფეხბურთელები გადაიბირა - ქობულეთელებმა სეზონისათვის დაკომპლექტება დაიწყეს

ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულმა ქობულეთის „შუქურამ“ მომავალი სეზონისათვის დაკომპლექტება უკვე დაიწყო. ახალწვეული ჰყავს – სამი ეროვნული ლიგიდან, ერთიც – უცხოეთიდან – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქობულეთელებმა ლიგა 2-ში დაქვეითებული თბილისის „მერანიდან“ ერთდროულად სამი მოთამაშე დაიმატეს – მცველი გიორგი გაფრინდაშვილი, ნახევარმცველი კახა კაკაშვილი და თავდამსხმელი მიშიკო სარდალიშვილი.

28 წლის მიშიკო სარდალიშვილს არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია – „ზესტაფონში“, „გაგრაში“, „ჩიხურაში“, „ტორპედოში“ და თბილისის „მერანში“. ბოლო სეზონში „მერანში“ 15 მატჩი ითამაშა და ორი საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

27 წლის კახაბერ კაკაშვილი ასპარეზობდა „ცხინვალში“, „მეტალურგში“, „ჩიხურაში“, ირანის „მეშინ საზსა“, „გოსტარეშში“ და „ვიტ ჯორჯიაში“. თბილისის „მერანში“ 2020 წელს 8 შეხვედრა ჩაატარა.

25 წლის გიორგი გაფრინდაშვილი სხვადასხვა ეტაპზე ირიცხებოდა „დილაში“, „სიონში“, „რუსთავში“, „გაგრაში“, „ვიტ ჯორჯიაში“, თბილისის „მერანში“ კი ბოლო ორი სეზონი გაატარა. გასულ ჩემპიონატში 17 შეხვედრის მონაწილე იყო.

რაც შეეხება უცხოეთიდან ჩამოყვანილ ახალწვეულს – ის ლევან ინგოროყვაა. 26 წლის ნახევარმცველი სხვადასხვა დროს „გურიაში“, „მერცხალსა“ და „შუქურაშიც“ ასპარეზობდა. ქობულეთელთა ახალწვეული ბოლოს თურქეთის რანგით მესამე ლიგის „ისპარტა დავრაზსპორში“ თამაშობდა.