შსს თიკა ჯამბურიასა და მისი დედის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს თიკა ჯამბურიასა და მისი დედის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ თიკა ჯამბურიასა და მისი დედის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელისადმი​ დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა, დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თიკა ჯამბურია დედასთან ერთად დღეს დააკავეს. მოგვიანებით თიკა ჯამბურია და მისი დედა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.