შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლდა
შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სპეცოპერაცია დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული პირი და ყველა მძევალი გათავისუფლდა.

„სპეცოპერაცია დასრულებულია. ერთი პირი არის დაკავებული. ყველა მძევალი თავისუფალია. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების აქტივობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მათ შენობიდან მძევლები გამოიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ის ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აფეთქებით იმუქრებოდა.