შსს-ს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ზუგდიდში ავარიის შედეგად დაიღუპა, სამართალდამცველებმა მოძრაობის შეწყვეტისკენ არაერთგზის მოუწოდეს
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ზუგდიდში ავარიის შედეგად დაიღუპა, სამართალდამცველებმა მოძრაობის შეწყვეტისკენ არაერთგზის მოუწოდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს, რომელიც ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სამართალდამცველებმა არაერთგზის მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა მოძრაობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და განაგრძო სვლა, რა დროსაც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ზოლში მოძრავ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

„23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.

რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.