შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, მთავრობის დადგენილებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის 337-ე დადგენილებაში შევიდა.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს, 10:30 საათზე გაიმართება.