შსს ორ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ორ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, N17 და N18 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ორი საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა დანაყოფებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის ორ საქმეზე:

1. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;

2. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით;

აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტია ასახული.

მოგვიანებით, ელენე ხოშტარიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ ორ დამკვირვებელს თავს დაესხა. როგორც ხოშტარია ამბობს, მათი აქტივისტები საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ამასთან, „ტაბულას“ ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით,  კიდევ ერთი დამკვირვებელი, რომელსაც თავს დაესხნენ, მისი შვილია.