შსს - ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. ფეიქებს, არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ
შსს - ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. ფეიქებს, არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კლუბების საქმეში ბრალდებული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ბრალდებულების სახით დაკავებულებმა ორ შემთხვევაში არანარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია განახორციელეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ. კლუბების საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა ხუთი საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც ორი შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, სამ შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც ერთი შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო ერთო შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან განხორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების „მდმა“-ის რეალიზაციას ახორციელებდა.

ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ. „ფეიქებს“, – არანარკოტიკულ საშუალებებს, ვიდრე საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან“,- ახცხადებენ შსს-ში.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ადვოკატების ინფორმაცია, თითქოს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულები „ციტრამონსა“ და „პარაცეტამოლს“ ჰყიდდნენ, ტყუილია.