შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ ერთი მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

დატოვე კომენტარი