შსს აჭარაში, სოფელ სალიბაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს აჭარაში, სოფელ სალიბაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ. პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის მოხდა.