შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა თავისუფლების მოედანზე, სამშენებლო ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა თავისუფლების მოედანზე, სამშენებლო ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოკვლევის პროცედურები, მაშინვე დაიწყო, როგორც კი უწყებამ ობიექტზე დასაქმებულთა დაშავების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„ვახდენთ რეაგირებას და ვეცდებით, გავარკვიოთ დეტალები. ახლა მოვიკვლევთ დეტალურად, ვინ არის სამუშაოების დამკვეთი, შემსრულებელი და გავარკვევთ ეკიპირების საკითხსაც. შრომის უსაფრთხოების კანონი განსაზღვრავს გარკვეულ ვალდებულებებს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მიმართ, ასევე არსებობს ტექნიკური რეგლამენტები. შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით იქნება ჩვენი რეაგირებაც“, – განაცხადა ფერაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.

ამასთან, მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით ობიექტის შემოწმება არ განხორციელებულა.

„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა დღეს დაშავდა. როგორც „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო ერთს მოტეხილობა აქვს.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები.

დატოვე კომენტარი