შრომის ინსპექციის წარმომადგენელი - სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა
შრომის ინსპექციის წარმომადგენელი - სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა

მინდელის შახტში დღეს შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ ჩავა, შემთხვევის ადგილზე დაათვალიერებს ველსა და გვირაბს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, მოხდა თუ არა სამთო დარტყმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შემოწმების დროს, საფრთხის არსებობის გამო, კონკრეტულ ადგილამდე მიახლოება ვერ მოხერხდა.

„დღეს სამუშაო ჯგუფი ისევ ვიკრიბებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. ვიმედოვნებთ, რომ მივალთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დავათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით სიტუაციას, ეკონომიკის სამინისტრო თავის ნაწილში, ჩვენ ჩვენს ნაწილში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოკვლევას“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, ირაკლი იობიძე პასუხობს, რომ შესაბამისი დოკუმენატაციის ნაწილი ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს და დამატებით კიდევ ელოდებიან დოკუმენტებს, სადაც სწორედ უსაფრთხოების ნორმების შესახებ იქნება დეტალური ინფორმაცია.

„დოკუმენტაციაში გაწერილი იქნება განწესდაშვება, თანამდებობრივი ინსტრუქციები, ინსტრუქტაჟები შრომის უსაფრთხოების შესახებ. ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, გავესაუბრებით ფაქტის შემსწრე პირებს, იმ სამ პიროვნებას, რომლებიც გადარჩნენ და ახლა კლინიკაში იმყოფებიან. გუშინ მათთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დღეს ამ ადამიანებს კლინიკაში მოვინახულებთ. იქ იყვნენ ჩასული სამთო ოსტატები, ვენტილაციის თანამშრომლები, რომელსაც ასევე გავესაუბრებით“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

როგორც შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, შრომის ინსპექცია თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროსთან და საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რომლებისგანაც ელოდება შესაბამის ინფორმაციას და საქმის სრულად შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას.

იობიძის თქმით, მინდელის შახტში ინსპექტირება 2017 წლის მაისში ჩატარდა, დაფიქსირდა სხვადასხვა დარღვევა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

როგორც ირაკლი იობიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, შრომის ინსპექციას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება აქვს, თუმცა პარლამენტის შრომის უსაფრთხოების შესახებ მარტში მიღებული კანონის შესაბამისად, პირველი აგვისტოდან, შრომის ინსპექციას სანქცირებული შემოწმებების უფლება ექნება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.