შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს [ფოტო/ვიდეო]

შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ონის სტადიონიდან ორი ვერტმფრენი უკვე აფრინდა.

სამაშველო სამუშაოებში გუშინ ორი ვერტმფრენი იყო ჩართული. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გვიან ღამით განაცხადა, დილიდან სამუშაოებში დამატებით კიდევ ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ვერტმფრენით ადგილზე ჩაიყვანეს გეოლოგების ჯგუფი, რომელიც ვითარებას შეისწავლის.

გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

შსს-ს მონაცემებით, სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან ჩართულნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში.

სტიქიის ზონიდან 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ისინი მაშველებსა და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.

რაც შეეხება დაკარგულებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, რომლებთან დაკავშირებაც ვერ ხერხდებოდა, ექვსი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.