რაჭაში, სტიქიის ზონაში დამატებით 15-მდე სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება [ვიდეო]

რაჭაში, სტიქიის ზონაში დამატებით 15-მდე სამაშველო ჯგუფი ჩავიდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ამასთან, ადგილზე გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შსს-ს მონაცემებით, სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან ჩართულნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში. მისივე თქმით, დილის 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიება ვერტმფრენების დახმარებით გაგრძელდება. ამას გარდა, სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება კიდევ ორი ვერტმფრენი.

სტიქიის ზონიდან 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ისინი მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.

რაც შეეხება დაკარგულებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, რომლებთან დაკავშირებაც ვერ ხერხდებოდა, ექვსი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.