შოთა შალელაშვილი - გედევან ფოფხაძის განცხადება მხოლოდ ნინია კაკაბაძესთან არ იყო დაკავშირებული, მას გენდერულ კვოტირებაზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდა
შოთა შალელაშვილი - გედევან ფოფხაძის განცხადება მხოლოდ ნინია კაკაბაძესთან არ იყო დაკავშირებული, მას გენდერულ კვოტირებაზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდა

დეპუტატ გედევან ფოფხაძის ბოლო განცხადება, მხოლოდ ნინია კაკაბაძეს არ უკავშირდებოდა და მას გენდერული კვოტირების თემაზეც პრინციპული დამოკიდებულება ჰქონდა. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობაში გარკვეული გაუგებრობა და უთანხმოებაა.

„ისეთი დეპუტატები როგორიც პატივცემული ქანთარია, პაპუაშვილი და ფოფხაძეა განცხადებებს აკეთებენ, არის რაღაც გაურკვეველი, რაც უნდა გაირკვეს. ვფიქრობ, დავლაგდებით. კითხვები ბევრი მაქვს. პარლამენტი ფუნქციონალურად უნდა იყოს გამოყენებული. არ მინდა, იმ კუთხით გამოვიდე, რომ უფუნქციოდ დავრჩი“, – განაცხადა შალელაშვილმა.

მისი თქმით, არიან პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ, ასევე პარლამენტში არის უმრავლესობის უმრავლესობა, რომელიც უფუნქციოდ დარჩა.

„უნდა გავიაზროთ იგივე ფოფხაძის ბოლო განცხადება მხოლოდ ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებული არ იყო. ჩვენ უმრავლესობის წინა შეხვედრაზე გენდერულ კვოტებს ვიხილავდით და იქაც მას ამ თემაზე პრინციპული დამოკიდებულება ჰქონდა, მეც იგივე მხარეს ვიდექი. აქედან გამომდინარე, როდესაც ფოფხაძემ და ყველამ შევთავაზეთ, რომ არჩევნები შიდა რეიტინგებით ჩატარებულიყო ქალთა კვოტირების საკითხზე, იგრძნობოდა, რომ უმრავლესობა მომხრე არ იყო“, – განაცხადა შალელაშვილმა.

მისი თქმით, გავლენა და თანამდებობები არავის აინტერესებს,  თუმცა მნიშვნელოვანია დამოკიდებულების საკითხი.

„პარლამენტარები ადამიანები არიან, რომლებიც თავმოყვარეები არიან და უნდათ დასაქმებული იყვნენ. პარლამენტში იმისთვის არ უნდა ვიყოთ, რომ მანდატი ვატაროთ. აქ საბავშვო ბაღი არ არის, საუბარი მოსმენას არ ეხება. არის ხედვები. 116 კაციან კოლექტივში აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ჩვენი ერუდირებული და განათლებული პარლამენტის თავმჯდომარე ყველამ ვიცით, როგორი გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდება, მაგრამ რაღაც რაღაცეები მასაც შესაცვლელი აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.