შოთა ხაბარელი - მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა პრიორიტეტი არ დაკარგოს
შოთა ხაბარელი - მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა პრიორიტეტი არ დაკარგოს

ყურადღებით ვიქნებით და მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა თავისი პრიორიტეტი არ დაკარგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

ხაბარელის თქმით, მისთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, სპორტი ცალკე დარგად  ბევრად კომფორტული იქნებოდა, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ განათლების უწყებასთან სპორტი და კულტურა თანხვედრაშია.

„ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა სპორტი ყოფილიყო ცალკე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, განათლების სამინისტროსთან სპორტი და კულტურა თანხვედრაშია და არ მიმაჩნია, რომ სპორტი ჩაიკარგება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით, მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა არ დაკარგოს თავისი პრიორიტეტი“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, სამინისტროების რაოდენობის შემცირება ნიშნავს, რომ მთავრობა უფრო მობილური იქნება და ეს სპორტისთვისაც სასარგებლოა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მათ შორის ცვლილებები განიხილება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.