მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში როგორც საკომიტეტო, ისე რიგგარეშე სხდომები გაიმართება.

საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით 4 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვა საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მესამე მოსმენით მიმდინარე კვირის ბოლომდე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ცვლილეათა პაკეტს ხელის მოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.

ინიციატივის თანახმად, 14 მინისტრთა კაბინეტიდან ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის ფუნქციებიც იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. აღარ იარსებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც. ამ უწყების უფლებამოვალეობები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.