შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროში ცალკე დეპარტამენტად უნდა ჩამოყალიბდეს
შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროში ცალკე დეპარტამენტად უნდა ჩამოყალიბდეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის მოსაზრებით, სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს, მაგრამ ცალკე საქვეუწყებო დეპარტამენტად უნდა ჩამოყალიბდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხაბარელმა განუცხადა, სპორტის მიმართულების თაობაზე განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან განხილვა იანვრის ბოლომდე გაიმართება. მისი თქმით, სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროში უნდა დარჩეს, რადგან მასობრივი სპორტი პირდაპირ ბმაშია განათლების სისტემასთან.

„თუ ქვესაუწყებო დეპარტამენტი იქნება, ეს იდეალური იქნება, რადგან ნაკლები ბიუროკრატია იქნება და ბევრი პრობლემა მოიხსნება. განათლების ქოლგის ქვეშ სპორტის მიმართულების არსებობა გამოცდილი მეთოდია და ეს ამართლებდა კიდეც. სპორტის მიმართულება კულტურის სამინისტროში საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო და ასე ბევრი საკითხი მარტივად წყდებოდა”, – განაცხადა ხაბარელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები იყო.