საჩხერეს „ჩიხურა“ გუნდის კაპიტანმა, გამოცდილმა მცველმა შოთა კაშიამ დატოვა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შოთა კაშია საჩხერის „ჩიხურასთან“ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. მადლობას ვუხდით კაშოს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერასა და პირად ცხოვრებაში“, – წერია გუნდის ოფიციალური გვერდის განცხადებაში.
შოთა კაშიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 2003/04 წლების სეზონიდან თამაშობდა და ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის და მისი უმცროსი ძმა, გურამ კაშია თანაგუნდელები იყვნენ. შოთა იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „დინამოს“ კაპიტანი, მაგრამ კარიერა ტრავმებმა აურია. 2010 წელს ექვსი თვით იჯარით ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა, რის შემდეგაც „დინამოში“ დაბრუნდა.
თბილისურ კლუბში გატარებული წლების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 2012 წლის დასაწყისში გადავიდა გორის „დილაში“, რომლითაც მოიგო საქართველოს თასი. 2013 წლის ზამთარში კონტრაქტი „ჩიხურასთან“ გააფორმა, 2015 წლიდან კი გუნდის კაპიტანი იყო.