გიორგი ივანიშვილი და შოთა კაშია ახალ საფეხბურთო გუნდს ეხმარებიან - „ბრიჯი“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას გეგმავს #1TVSPORT
გიორგი ივანიშვილი და შოთა კაშია ახალ საფეხბურთო გუნდს ეხმარებიან - „ბრიჯი“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას გეგმავს #1TVSPORT

გიორგი ივანიშვილი და შოთა კაშია ახალ საფეხბურთო სკოლას და გუნდს დაეხმარებიან. ამის შესახებ საფეხბურთო სკოლა „ბრიჯი“ იუწყება, რომელიც მასტერ ლიგის პრეზიდენტისა და დამფუძნებლის აკაკი ხლაბუსტოვის ინიციატივით დაარსდა.

„ეს არის ის, რაც მართლა ყველაზე მეტად მინდოდა და გულით ვოცნებობდი, რომ მომავლისთვის რაიმე საქმე გამეკეთებინა. მადლობა უფალს, ის რაც ჩაფიქრებული გვაქვს, მჯერა გამოგვივა და ძალიან მაგარ თაობებს აღვზრდით“, – ამბობს აკაკი ხლაბუსტოვი.

ბრიჯის“ აკადემია 120 ბავშვზეა გათვლილი. ძირითადი გუნდი კი მასტერ ლიგის ნაკრების საბაზისო გუნდად განიხილება. Master League-ის მიერ დაფუძნებულმა საფეხბურთო სკოლამ ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (5, 6, 7 და 8 ) ბავშვების მიღება უკვე გამოაცხადა.

ვარჯიშები გაიმართება თბილისში, „მზიურის“ სკვერის მიმდებარე საფეხბურთო მოედანზე, რომელიც ახლახანს განახლდა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებიდან არიან, სკოლაში უსასყიდლოდ ივარჯიშებენ.

„ბრიჯი“ მასტერ ლიგაში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი როსტო ფარცვანია არის, მენეჯერი – „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მცველი გიორგი დუმბაძე, კაპიტანი – „დინამო თბილისის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი შოთა კაშია (გურამ კაშიას უფროსი ძმა), ხოლო გუნდისთვის „დინამო თბილისის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი შეუტევს.

დუმბაძის თქმით, გუნდი ჯერ მასტერ ლიგა 2-ში იასპარეზებს, მაგრამ შემდეგში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს.