შოთა გულბანი - ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურად ნეგატიური ფონის დამკვიდრების მცდელობებს პოლიტიკურად მართული ჯგუფების მიერ
შოთა გულბანი - ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურად ნეგატიური ფონის დამკვიდრების მცდელობებს პოლიტიკურად მართული ჯგუფების მიერ

ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტის 6,1 პროცენტიანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განაცხადა, რომელიც საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში გამოემხმაურა.

მისი თქმით, ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება და ადგილია აქვს ხელოვნურად ნეგატიური და არასტაბილური ფონის დამკვიდრების მცდელობას პოლიტიკურად მართული ჯგუფების მიერ.

„დაკვირვებული თვალი ხედავს, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება. თუ არ ჩავთვლით ხელოვნურად ნეგატიური და არასტაბილური ფონის დამკვიდრების მცდელობებს პოლიტიკურად მართული ჯგუფების მიერ, რომლებიც პრაქტიკულად აფერხებენ ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, ვინაიდან არასტაბილური ფონი და ინვესტორის თავშეკავება ინვესტიციისგან არაპროგნოზირებად გარემოში პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან“, – აღნიშნა გულბანმა.

ამასთან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის შეფასებით, სხვა საკითხია, რამდენად საკმარისია აღნიშნული ზრდა იმისთვის, რომ საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის ცხოვრების დონეს მიუახლოვდეს.

მისი განმარტებით, ამ მაჩვენებლზე დაკვირვებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ისეთ პარამეტრებს, რომლებიც ინკლუზიურობასთან მჭიდრო კავშირშია.

„ასეთებია ექსპორტის ზრდა და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა. პირველის შემთხვევაში. ივლისის თვეში დაფიქსირდა 12,4 პროცენტანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ერთ-ერთი საკვანძო და პრიორიტეტული რგოლია ეკონომიკურ ზრდაში, ვინაიდან, თუ გაიზრდებიან ექსპორტიორები, რომლებიც საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტებს საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიტანენ, ეს ნიშნავს გაზრდილ შემოსავალს ქვეყნისთვის, ექსპორტიორი კომპანიისთვის და დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც ცხადია, დადებითად აისახება მშპ-ზე. მეორე შემთხვევაში კი, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაზრდილია 16,7 პროცენტით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიზნესმენებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დღგ-ს გადამხდელებად, გაეზარდათ ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად ბრუნვებიც, წესით და რიგით ამან მოგების ზრდაც უნდა განაპირობოს“, – აღნიშნა გულბანმა.

ის მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანსაღი ბიზნესგარემო და მეტი ხელშეწყობა ახალ-ახალი ბიზნესებისთვის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.