შოთა არველაძე - თურქეთში ოჯახთან ჩამოვედი
შოთა არველაძე - თურქეთში ოჯახთან ჩამოვედი

„სტამბოლში უზბეკეთიდან კერძო თვითმფრინავით ჩამოვფრინდი და კარანტინში ვარ. აქ ძალიან კარგად მიგვიღეს“ – ამბობს შოთა არველაძე თურქული გამოცემა „ფანატიკთან“ ინტერვიუში.

გამოცემა ქართველი მწვრთნელის თურქეთში ჩასვლის მიზეზებზე წერს: „ტრაპიზონის“ ერთ-ერთი ლეგენდა და ამჟამად უზბეკეთის „პახტაკორის“ მწვრთნელი შოთა არველაძე თურქეთში კორონავირუსის გამო მოხვდა. გამოცდილი მწვრთნელი, რომლის ოჯახი გარკვეული დროით სტამბოლში ცხოვრობს, 12 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფება. ქართველი მწვრთნელი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ თურქეთში ყოფნა უყვარს.“

„კარანტინის დასრულებას ველოდები. ჩემი ოჯახი სტამბოლში დამხვდა. ჩვენ გვირჩევნია აქ ვიყოთ, რადგან თავს დაცულად ვიგრძნობთ. უზბეკეთიდან კერძო თვითმფრინავით ჩამოვფრინდით. მე და ჩემი ოჯახი თურქეთში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდით. ამის გამო თურქეთის სახელმწიფოს მადლობას ვუხდი“ – აცხადებს არველაძე.

47 წლის ქართველმა სპეციალისტმა ილაპარაკა, კარანტინს როგორ ატარებს: „ბევრ წიგნს ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ. აქ ხალხი მცნობს და დიდ ინტერესს ავლენენ. კარანტინის შემდეგ ოჯახთან ერთად სტამბოლში ცოტა ხნით კიდევ დავრჩები.“