შორეული კომეტა ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
შორეული კომეტა ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

კომეტები მზის სისტემის პატარა, ყინულოვანი სხეულებია, რომლებიც მზესთან მიახლოებისას თბებიან და აირების გამოყოფას იწყებენ. ამ დროს წარმოიქმნება კომა, იგივე კუდი. ამ ფენომენს იწვევს მზის რადიაციისა და მზის ქარის ეფექტები, რომლებიც კომეტის ბირთვზე ზემოქმედებენ. კომეტის კუდი შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ დედამიწის დიამეტრს 15-ჯერაც გადააჭარბოს.

მზის გარშემო კომეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. ზოგიერთი მათგანი ერთ გარშემოვლას რამდენიმე წელიწადს ანდომებს, ზოგიც მილიონობით წელს.

2019 წლის ივლისის მონაცემებით, მზის სისტემაში აღმოჩენილია 6 619 კომეტა, მაგრამ ახალ აღმოჩენებთან ერთად მათი რაოდენობა გამუდმებით იზრდება. კომეტების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია მზის სისტემის გარე ნაწილში, ე. წ. ოორტის ღრუბელში, სადაც მეცნიერთა აზრით, ერთ ტრილიონამდე კომეტა უნდა იყოს.

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში ამჯერად სწორედ ერთ-ერთი კომეტა მოხვდა. ობიექტი ფოტოზე ცენტრიდან მარჯვნივ, მწვანედ ჩანს. კომეტისგან მარცხნივ, ფოტოს ცენტრში კი ხედავთ პერსევსის ორმაგ ვარსკვლავთგროვას, რომელიც ჩვენგან 7500 სინათლის წლით არის დაშორებული.

კომეტის ოფიციალური სახელია C/2017 T2 (PANSTARRS) და ამჟამად მოქცეულია დედამიწიდან 240 947 746 კილომეტრის მანძილზე. მზის გარშემო ის უკიდურესად გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს და ერთ გარშემოვლას დაახლოებით 337 778 წელიწადს ანდომებს. შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ მისი დანახვა შესაძლებელია მცირე ზომის ტელესკოპებითაც.