შხამიანი მცენარისგან მიღებულმა მოლეკულამ უჯრედულ კულტურაში ახალი კორონავირუსის ყველა შტამი დაბლოკა — #1tvმეცნიერება
შხამიანი მცენარისგან მიღებულმა მოლეკულამ უჯრედულ კულტურაში ახალი კორონავირუსის ყველა შტამი დაბლოკა — #1tvმეცნიერება

მცენარეზე დაფუძნებულმა ანტივირუსულმა აგენტმა თაფსიგარგინმა (TG), რომელიც „მომაკვდინებელი სტაფილოების“ (Thapsia villosa) სახელით ცნობილი შხამიანი მცენარეების ჯგუფისგან არის მიღებული, ლაბორატორიაში SARS-CoV-2-ის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანობა აჩვენა — მათ შორის არის სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტიც.

თებერვალში გამოქვეყნებულ წინა კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ TG შეიძლება ეფექტიანი იყოს ვირუსების მასპინძლის წინააღმდეგ. ახლახან, იმავე ჯგუფის კვლევამ დაადასტურა, რომ SARS-CoV-2-ის განვითარების (მუტაცია) მიუხედავად, ანტივირუსული საშუალება მაინც ეფექტიანია. ახალი ვარიანტების გამოჩენა გრძელდება და TG-ს ეფექტიანობაზე დაკვირვებაც საინტერესოა.

ლაბორატორიაში, უჯრედულ კულტურებზე ტესტირებისას, როგორც ინფექციამდე, ისე ინფექციის აქტიურად მიმდინარეობისას TG-ის დოზების მიღებამ აჩვენა SARS-CoV-2-ის ვარიანტების დაბლოკვა და ჩახშობა, წარმოიქმნა ფართო და მძლავრი დამცავი პასუხი.

„TG-ს ერთმა, ინფექციამდელმა დოზამ ეფექტიანად დაბლოკა ინფექციის ყოველი ცალკეული ვარიანტი და თანაინფექციის ყოველი კომბინაცია (AB, AD, BD ვარიანტები), თანაც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ეფექტიანობა 95 პროცენტზე მაღალი იყო“, — წერენ მკვლევრები.

TG, როგორც მასპინძელზე ორიენტირებული ანტივირუსული საშუალება, იმ გარკვეულ მექანიზმს არღვევს, რომლითაც კორონავირუსი SARS-CoV-2 უჯრედებში შედის, საკუთარ თავს ამრავლებს და სხეულში ვრცელდება.

„ყველა ხელმისაწვდომო მონაცემი, რომელიც ჩვენი ან სხვების მიერ არის მიღებული გრიპის, რესპირატორულ-სინციტიალური და კორონავირუსებიდან, მათ შორის SARS-CoV-2-დან, მიუთითებს, რომ TG უჯრედში ვირუსის შესვლის პრევენციას ვერ ახდენს, მაგრამ აღძრავს უჯრედშორის გზებს, რომლებითაც ჩაიხშობა ვირუსის გამრავლება“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

უჯრედულ კულტურაზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე დაადასტურა დელტა ვარიანტის გამრავლებისა და უჯრედიდან უჯრედზე გადადების მაღალი მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ ის ოთხჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ალფა ვარიანტი და ცხრაჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ბეტა ვარიანტი.

გარდა ამისა, ერთობლივად ინფიცირებისას, დელტას სხვა ვარიანტთა გამრავლების მაჩვენებლის აჩქარებაც შეუძლია. თუ ვინმე SARS-CoV-2-ის ორი ვარიანტით ერთდროულად არის ინფიცირებული, დელტა მას დამატებით სიძლიერეს აძლევს.

„ჩვენმა ახალმა კვლევამ უკეთესი ცნობები მოგვაწოდა დელტა ვარიანტის დომინანტობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ვაჩვენეთ, რომ ეს ვარიანტი აშკარად ყველაზე ინფექციურია და ერთდროულად ინფიცირებისას სხვა ვარიანტთა გამრავლებასაც უწყობს ხელს, წილად გვხვდა პატივი გვეჩვენებინა ისიც, რომ TG ერთნაირად ეფექტიანია ყველა მათგანის წინააღმდეგ“, — ამბობს ნოტინგემის უნივერსიტეტის ვეტერინარიის მოლეკულური მედიცინის პროფესორი კინ-ჩოუ ჩანგი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ძლიერ ამცირებს SARS-CoV-2-ით ინფიცირების რისკს, ვერ აღმოფხვრის მთლიანად და რა თქმა უნდა, არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვისაც ვირუსისგან დაცვის მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აცრა არ შეუძლიათ.

შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შექმნა ძლიერ პრიორიტეტული რჩება პანდემიის საკონტროლებლად. ჯერ გადაჭრით არ არის ცნობილი, იქნება თუ არა TG ასეთივე ეფექტიანი სამომავლო შტამების წინააღმდეგ, მაგრამ ნიშნები ნამდვილად კარგია.

ლაბორატორიაში ეფექტიანობის წარმოჩენის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი TG-სგან ნამდვილი მედიკამენტის შექმნაა, რასაც რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ მედიკამენტი შხამიანი მცენარის აგენტისგან უნდა შეიქმნას. იმისათვის, რათა ადამიანისთვის უსაფრთხო იყოს, საჭიროა ძალიან ბევრი კვლევის ჩატარება.

გარდა ამისა, უჯრედულ კულტურებზე შემოწმება და იქ მიღებული იმედისმომცემი შედეგები არც იმის გარანტია, რომ მისგან შექმნილი ანტივირუსული საშუალება კლინიკურ ცდებს ბოლომდე გაივლის; თუმცა, პირველი ნაბიჯის კვალობაზე, შედეგები ნამდვილად კარგია.

„საერთო ჯამში, შედეგები მიუთითებს, რომ TG-ს აქვს ინფიცირების შემდეგი პროფილაქტიკის პოტენციალი და წარმოადგენს აქტიურ თერაპიულ აგენტს“, — ამბობს კინ-ჩოუ ჩანგი.

კვლევა ჟურნალ Virulence-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nottingham.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.