შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს
შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე არიან.

ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილი მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„სრულ კონტროლს ექვემდებარება საოკუპაციო ხაზს მიღმა სიტუაცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს რაიმე ტიპის პროვოკაციას. ადგილზე არიან ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სრულ კოორდინაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან. იყო სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან გამომწვევი და პროვოკაციული განცხადებები, რაც შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის გამწვავებას. კონკრეტულად არ ვიცი, „ძალა ერთობაშიას“ წევრი იყო თუ არა ვინმე კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ეს მოქალაქეების განცხადებები იყო, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეულ პროვოკაციებს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

ამასთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.