შესყიდვის შეთანხმების დარღვევის გამო „ტვიტერი“ ილონ მასკს სასამართლოში უჩივის
შესყიდვის შეთანხმების დარღვევის გამო „ტვიტერი“ ილონ მასკს სასამართლოში უჩივის

კომპანია „ტვიტერმა“ ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა სოციალური ქსელის პლატფორმის შეძენის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარიგების თანახმად, ილონ მასკს „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად უნდა შეეძინა.

დელავერის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, კომპანია მიმართავს სასამართლოს, დაავალოს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს შეთანხმების შესრულება.

„საჯარო სანახაობის მოწყობით, რომ „ტვიტერი“ თამაშში ჩაერთო და გამყიდველისთვის ხელსაყრელი შეთანხმების შეთავაზებით და შემდგომ ხელმოწერით, მასკს როგორც ჩანს, სჯერა, რომ მას, ყველა სხვა მხარისგან განსხვავებით, რომელზეც ვრცელდება დელავერის კანონმდებლობა, შეუძლია, გადაიფიქროს, კომპანია დაანგრიოს, დაარღვიოს მისი საქმიანობა, გაანადგუროს სააქციო ღირებულება და წავიდეს“, – ნათქვამია სარჩელში.

გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ „ტვიტერთან“ შეთანხმებას წყვეტს, რადგან მისი თქმით, კომპანიამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნებს არ უპასუხა, რასაც მასკი თავისი ბიზნეს საქმიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხად აფასებს.