შესანიშნავი ადამიანი და მეგობარი ხარ, ძალიან გაფასებთ - ჩელებაძეს ვარსკვლავის გახსნა ახრიკ ცვეიბამ მიულოცა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, აფხაზმა ფეხბურთელმა ახრიკ ცვეიბამ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, რევაზ ჩელებაძეს ბათუმის სტადიონზე ვარსკვლავის გახსნა ვიდეომიმართვით მიულოცა.
„პატივცემულო რევაზ! ახლო წრეში შენ გეძახით „ჩელეს“ ან „ბაბუს“. მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ სიცოცხლეშივე ისტორიის შექმნა. ეს შენ საკუთარი შრომით და პროფესიონალიზმით შექმენი – თბილისის „დინამოში“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოსვლით. 1980 წელს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგე. საკუთარი ისტორია შექმენი, რომელზეც არაერთი თაობა ისწავლის პროფესიონალიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულს. შესანიშნავი ადამიანი და მეგობარი ხარ. ჩვენ ძალიან გაფასებთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს და ვარსკვლავის გახსნას გილოცავ“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ახრიკ ცვეიბა.
შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩელებაძეს ბათუმის სტადიონზე ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავის „სლოვანის“ მატჩის დაწყებამდე გაუხსნეს.
ეს ბათუმის არენაზე გახსნილი პირველი ვარსკვლავია. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის კარიერის პიკი თბილისის „დინამო“ იყო, მაგრამ რევაზ ჩელებაძემ თამაში ქობულეთში დაიწყო და წლების განმავლობაში ბათუმის „დინამოში“ ასპარეზობდა.
რევაზ ჩელებაძეს და ახრიკ ცვეიბას გზები თბილისის „დინამოში“ გადაიკვეთა. ჩელებაძე ბოლოს თბილისურ კლუბში 1985-87 წლებში თამაშობდა, ხოლო გუდაუთაში დაბადებული მცველი – 1985–1989 წლებში.