დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი 66 წლის გახდა.

რევაზ ჩელებაძე

დაიბადა 1955 წლის 2 ოქტომბერს ქობულეთში.

სიმაღლე 180 სმ

პოზიცია თავდამსხმელი

პროფესიული კარიერა

წლები გუნდი მატჩი (გოლი)

1976–1982 თბილისის „დინამო“ 122 (41)

1982 გურია 11 (6)

1983–1985 ბათუმის „დინამო“ 78 (53)

1985–1987 თბილისის „დინამო“ 37 (11)

სანაკრებო კარიერა

1977–1980 საბჭოთა კავშირი 7 (3)

ტიტულები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978)

სსრკ-ს ვიცეჩემპიონი (1977)

სსრკ-ს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი

საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979)

სსრკ-ს თასის ფინალისტი (1980)

თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981)

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980)

საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1980)

დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (1977).

1955 წლის 2 ოქტომბერს ქობულეთში დაბადებული რევაზ ჩელებაძე სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.

მისი კარიერა იმით არის უნიკალური, რომ თამაში 17 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი კალათბურთელი იყო. 1973 წელს, ქობულეთის ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში, ვალერიან ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარჯიში. 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა, 1974–1975 წლებში – ბათუმის „დინამოში“, ხოლო თბილისის „დინამოში“ 1976 წელს მიიწვიეს.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 4 აპრილს სსრკ-ს ჩემპიონატის პირველივე ტურში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ ითამაშა. რევაზ ჩელებაძემ პირველივე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო 3 სექტემბერს საკავშირო თასსაც დაეუფლა, რომელიც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ პირველი წარმატებული მატჩი იყო. თბილისელებმა ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხეს. ჩელებაძემ 68-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

1977 წელს, 28 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცეჩემპიონის ტიტულს და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. შედარებით მოკრძალებულია მისი მაჩვენებლები 1978 წლის საფეხბურთო სეზონში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მხრივ (12 მატჩი და 3 გოლი), თუმცა, ამ წელს „დინამოელები“ თავისი არსებობის განმავლობაში, მეორედ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ამ ისტორიული მიღწევის ერთ-ერთი შემოქმედი სხვებთან ერთად, რევაზ ჩელებაძეც არის. 1979 წელს „დინამოელთა“ რიგებში იგი მეორედ ეუფლება საკავშირო თასს. სულ რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში 122 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო ევროსარბიელზე 14 შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა.

1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, მეორე ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადადის, სადაც 11 შეხვედრაში 6 გოლი გააქვს. 1983–1985 წლებში ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს, რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს უბრუნდება. სათამაშო კარიერა აქვე, 1987 წელს დაამთავრა.

სანაკრებო კარიერა

1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1977 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

კარიერის შემდეგ

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო პრეზიდენტი ბათუმის „დინამოში“, ქობულეთის „შუქურაში“, რუსთავის „მეტალურგში“, 1995 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. მუშაობს საფეხბურთო აგენტად და ცდილობს დაეხმაროს ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტები იყვნენ ჯანო ანანიძე და საბა კვირკველია.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა – ფეხბურთელს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით „შელე-პელე“ შეარქვა. მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ფეხბურთელია და ბოლნისის „სიონში“ თამაშობს.

დატოვე კომენტარი