რევაზ ჩელებაძე - ფინალი რეაბილიტაციის შანსი იყო და რომ გავიტანე, ერევნელების ტრიბუნისკენ გავიხედე #1TVSPORT
რევაზ ჩელებაძე - ფინალი რეაბილიტაციის შანსი იყო და რომ გავიტანე, ერევნელების ტრიბუნისკენ გავიხედე #1TVSPORT

დღეს საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვლადიმერ გუცაევთან ერთად ეთერში ახალ დროს გავიდა – ხუთშაბათის ნაცვლად, ამიერიდან ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად გადაცემას შაბათობით, 14:00 საათზე დაიწყებს.

„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველი გადაცემა თბილისის „დინამოს“ 1976 წლის 3 სექტემბრის წარმატებას მიეძღვნა, როდესაც გუნდმა საბჭოთა კავშირის თასის ფინალსი ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ეს ჯილდო პირველად მოიგო.

გამარჯვება თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაზემ გაიხსენა, რომელიც ფინალში გოლის ავტორი იყო და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„მანამდე მცირე ხნით ადრე ერევანში ცარიელ კარში ვერ გავიტანე და შურისძიების მომენტი მქონდა. ფინალი რეაბილიტაციის შანსი იყო. სულ სხვა რამ იყო ეს თამაში. მატჩამდე გვესტუმრნენ თენგიზ ჩანტალაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, სვეტლანა სვეტლიჩნაია, რომელიც ფილმში „ბრილიანტის ხელი“ თამაშობდა. გაგვამხიარულეს და ხასიათი შეგვექმნა“, – გაიხსენა რევაზ ჩელებაძემ.

მან გატანილი გოლის ეპიზოდიც გაიხსენა.

„ფინალში რომ გავიტანე, ერევნელების ტრიბუნისკენ გავიხედე. ერთადერთი მომენტი „არარატს“ პირველ ტაიმში ჰქონდა, რომელიც ძელს მოხვდა და მერე საშა ჩივაძემ მოიგერია“.

ამ ისტორიულ წარმატებამდე თბილისის „დინამო“ თასის ფინალში 5-ჯერ გავიდა და წარმატებას მხოლოდ მე-6 მცდელობაზე მიაღწია. ერევნის „არარატთან“ მოგებული თასი ნოდარ ახალკაცის გუნდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და ამის შემდეგ დაიწყო ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ხუთწლიანი ეპოქა, რომლის გვირგვინიც 1981 წლის 13 მაისი იყო.

დატოვე კომენტარი