შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომელთა 95 პროცენტს უვადო შვებულებაში უშვებს
შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომელთა 95 პროცენტს უვადო შვებულებაში უშვებს

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომელთა 95 პროცენტს უვადო შვებულებაში უშვებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.

„სამწუხაროდ, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ, ჩვენი თანამშრომლების 95 პროცენტი გავუშვათ უვადო შვებულებაში, რასაც ითვალისწინებს შექმნილი ფორსმაჟორის საგანგებო ვითარება.

სამწუხაროდ, გაუქმებული რეისების შედეგად, ფინანსური კრიზისია კომპანიაში და ამ თანამშრომლებს ვუშვებთ უვადო, უხელფასო შვებულებაში. მაქსიმალურად შევეცდებით, დავაბრუნოთ სამსახურში შეძლებისდაგვარად სწრაფად. მაქსიმალურად შევეცდებით, მობილიზება გავუკეთოთ სახსრებს და ფინანსურ შემოსავლებს, რომ ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგონ, არ დაიკარგოს ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიას ემსახურება, არიან მაღალი დონის პროფესიონალები“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, კომპანია თანამშრომლების ხელფასების გადახდას ვერ უზრუნველყოფს.

„აქედან გამომდინარე, ეს ზომა არის ფორსამაჟორიდან გამომდინარე, რომ კომპანიის რაღაც ნაწილმა მაინც იმუშაოს და მზად ვიყოთ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და ჩარტერული რეისები; შევინარჩუნოთ ის გუნდი, რომელიც განახორციელებს ამას. მიმდინარეობს მუშაობა ბუღალტერიასთან, სტრუქტურული ერთეულების მუშაობასთან, რომელი თანამშრომლები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რომელი გავუშვათ უხელფასო, ზოგი კი, ხელფასიან შვებულებაში. ჩვენი მთავარი აქტივი არის ეს ხალხი. მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა სხვა ხარჯი შევკვეცოთ და ეს ხალხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაბრუნოთ უკან. კომპანიას ფინანსურად აქვს ძალიან დიდი ზარალი, ისევე როგორც მთელ ინდუსტრიას და მთელ მსოფლიოს. ზარალი ჯერ შეფასებული და დათვლი არ გვაქვს, მაგრამ ათობით მილიონი დოლარის ფარგლებშია“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მთავრობის მითითებით დროებით აუქმებს რეგულარულ ავიამიმოსვლას და შეასრულებს ჩარტერულ რეისებს.