„ჯორჯიან ეარვეისი“ - მთავრობის მითითებით, დროებით ვაუქმებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ ჩარტერულ რეისებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ - მთავრობის მითითებით, დროებით ვაუქმებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ ჩარტერულ რეისებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ მთავრობის მითითებით დროებით აუქმებს რეგულარულ ავიამიმოსვლას და შეასრულებს ჩარტერულ რეისებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან.

აგრეთვე, გვინდა აღვნიშნოთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის, ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“, – აცხადებს რომან ბოკერია.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როდის და რომელი ჩარტერული რეისები შესრულდება.

„აგრეთვე, გაცნობებთ, თუ ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობიდან. როგორც იტალიის შემთხვევაში მოხდა, მთავრობამ შეგვიკვეთა ჩარტერული რეისი, ჩვენ არ გაგვიყიდია ბილეთი, არ აგვიღია ერთი თეთრიც. იგივე ფორმატში მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მთავრობის მითითებით, ვაუქმებთ დროებით რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ მთავრობის დავალებით, ხელშეწყობითა და უზრუნველყოფით ჩარტერულ რეისებს, სადაც მიგვითითებს მთავრობა. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები განსაზღვრავენ, სად არის ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ უზრუნველვყოთ მათი ჩამოყვანა. სავარაუდო მიმართულებებზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ალბათ, ეს იქნება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი. განიხილება ბარსელონაც. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს დამოკიდებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებასთან და ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნასთან, უზრუნველყოს ჩარტერული რეისების შესრულება“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.