შექმნეს მალარიის ახალი ვაქცინა, რომლის გაკეთებაც კოღოს კბენის შედეგად ხდება — #1tvმეცნიერება
კოღოები მალარიის ძირითადი გადამტანები და გამავრცელებლები არიან. ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ეს მწერები გამოიყენეს ახალი ვაქცინის გაკეთებაში გამოიყენეს — ეს ვაქცინა ამ დაავადებისგან გაცილებით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ამჟამინდელი სხვა ვაქცინები.
ეს გახლავთ ამ კონკრეტული ტიპის ვაქცინის მეორე თაობა; როგორც კვლევაში გამოჩნდა, ის მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული: ცხრა ადამიანიდან რვა, რომელსაც ის გაუკეთეს, მალარიისგან დაცული გახდა. შედარებისათვის, ამჟამად არსებული ვაქცინის შემთხვევაში, რვიდან ერთია დაცული.
ახალი ვაქცინა ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტისა და რედბუდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს; პრეპარატი იყენებს ადამიანში მალარიის გამომწვევი პარაზიტის, Plasmodium falciparum-ის შესუსტებულ ვერსიას. ეს ვერსია (GA2) მალარიას არ იწვევს და ორგანიზმს მისგან დასაცავად ამზადებს.
„დასუსტებული პარაზიტების შეყვანა კოღოების კბენით ხდება, რომლებიც შემდეგ ადამიანის ღვიძლს აღწევენ. მაგრამ რადგან გენები გამორთულია, ეს პარაზიტი ღვიძლში ვერ ვითარდება, ვერ გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და შესაბამისად, ვერ იწვევს დაავადების სიმპტომებს. ამასობაში კი შესუსტებული ინფექცია ღვიძლში ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის, რაც ადამიანს მომავალში იცავს მალარიის რეალური ფორმისგან“, — ამბობს ლაიდენის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგი მეტა როსტენბერგი.
ორგანიზმში განვითარების უნარის არმქონე პარაზიტის ყოფნა ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა — GA2-ის მქონე P. falciparum-ს ღვიძლში მომწიფებისთვის თითქმის ერთი კვირა სჭირდება, მაშინ, როცა წინა ვერსიას, GA1-ს 24 საათი სჭირდებოდა. ეს კი იმუნურ სისტემას უფრო მეტ დროს აძლევს, რათა ამოიცნოს, რა არის ის და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს.
როგორც კვლევამ აჩვენა, GA2 ვაქცინა უფრო დიდ და მრავალფეროვან იმუნურ უჯრედებს წარმოქმნის და სწორედ ამან შეიძლება ახსნას მისი გაცილებით უკეთესი ეფექტი. იმის გაგება, თუ რატომ მუშაობს ის ასე კარგად, მკვლევრებს ამ ვაქცინის კიდევ უფრო დახვეწაში დაეხმარება.
გამოვლენილი გვერდითი ეფექტები შედარებით უმნიშვნელო იყო — ძირითადად შეწითლება და ქავილი კოღოს ნაკბენის გარშემო. კვლევის მონაცემების შეგროვების შემდეგ, ყველა მონაწილე გაატარეს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატთა კურსი.
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა პროგრესს განიცდის. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ამ დაავადებით ყოველწლიურად 250 მილიონი ადამიანი ავადდება, ასობით ათასი კი კვდება. ამჟამინდელი ვაქცინები აცრილთა მხოლოდ 50-77 პროცენტს იცავს და ხშირად, ეფექტი წელიწადზე მეტხანს არ გრძელდება.
რაც შეეხება მწერების კბენის მეშვეობით ვაქცინის შეყვანის სისტემას, ამ სახის კვლევებისთვის ეს განსაკუთრებით უჩვეულო არაა — გამოსადეგია იმიტომ, რომ მოდიფიცირებული პარაზიტის შეყვანა ზუსტად იმავე გზით ხდება, როგორც ნამდვილი ვერსიის, მაგრამ მიდგომა არც ისე პრაქტიკულია.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ მიერ შესუსტებულმა GA2 პარაზიტმა კარგად იმუშავა. ახლა ვგეგმავთ, ამავე პარაზიტზე დაფუძნებული ვაქცინის რეალურ ცხოვრებაში დატესტვას“, — ამბობს რედბუდის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგი მეთიუ მაკკალი.
კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია radboudumc.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.