შექმნეს ცხვირის სპრეის ფორმის უნივერსალური ვაქცინა, რომელიც ბლოკავს მრავალ ვირუსს, ბაქტერიას და ალერგენებსაც კი — #1tvმეცნიერება
შექმნეს ცხვირის სპრეის ფორმის უნივერსალური ვაქცინა, რომელიც ბლოკავს მრავალ ვირუსს, ბაქტერიას და ალერგენებსაც კი — #1tvმეცნიერება

რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინები, ხშირად იმდენადვე ვიწროა მათი სამიზნეები.

ამრიკელმა მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური ვაქცინა, რომელმაც თაგვები დაიცვა მრავალი სხვადასხვა ვირუსის, ბაქტერიისა და ალერგიებისგანაც კი.

ახალი ვაქცინის, სახელად GLA-3M-052-LS+OVA-ის ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია ცხვირის სპრეის სახით. სამმა დოზამ თაგვები სამი თვის განმავლობაში დაიცვა COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსისგან და სხვა კორონავირუსებისგან, ფილტვებში მათი ჩატვირთვა 700-ჯერ შეამცირა არავაქცინირებულებთან შედარებით.

ვაქცინამ ასევე აასწრაფა თაგვების იმუნური პასუხი SARS-CoV-2-ისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფილტვების ადაპტურ იმუნურ სისტემას ძირითადად ორ კვირამდე დრო სჭირდება ვირუსზე რეაგირებისთვის, ვაქცინიერებულებმა სულ რაღაც სამ დღეში დაიწყეს კონტრშეტევა.

შემდეგ ტესტებში დადგინდა ისიც, რომ ვაქცინა თაგვებს ბაქტერიული ინფექციებისგანაც იცავდა. მათ შორის იყო ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) და Acinetobacter baumannii; ორივე მათგანით ადამიანში ხშირად საავადმყოფოში ყოფნისას ინფიცირდება და ეს ბაქტერიები სულ უფრო მეტად ხდებიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული.

ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ ვაქცინამ ასევე შეამცირა ასთმის რისკი. როდესაც ვაქცინირებული თაგვები მტვრის ტკიპების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, სამი თვის განმავლობაში შემცირებული იყო მათი ასთმური რეაქციები, როგორიცაა მაგალითად იმუნური უჯრედების გამომუშავების ზრდა და ფილტვის ჭარბი ლორწო.

„ვფიქრობ, ის, რაც ჩვენ მივიღეთ, არის უნივერსალური ვაქცინა სხვადასხვა რესპირატორული საფრთხის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, შემოდგომის თვეებში ცხვირში ისხურებთ სპრეის, რომელიც გიცავთ ყველა რესპირატორული ვირუსისგან, მათ შორის COVID-19, გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის და ჩვეულებრივი გაციებისგან, ასევე ბაქტერიული პნევმონიისგან და ადრე გაზაფხულის ალერგენებისგან. ეს სრულად გარდაქმნიდა სამეცნიერო პრაქტიკას“, — ამბობს კვლევის ავტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ბალი პულენდრანი.

ვაქცინების უმეტესობა შემდეგნაირად მუშაობს — იმუნურ სისტემას წარუდგენს პათოგენის უსაფრთხო ფრაგმენტს, რისი წყალობითაც, სხეული მიზნობრივი ანტისხეულების არსენალს ამზადებს, რათა ისინი რალურ ვირუსს შეებრძოლონ, თუკი ეს უკანასკნელი მართლაც მოხვდება სხეულში. ასე წარმოიქმნება ე. წ. ადაპტური იმუნიტეტი.

ადაპტური იმუნიტეტი სიცოცხლის გადარჩენის სტრატეგია იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ვაქცინები ძლიერ სპეციფიკურია. ზემოთ ნახსენები ფრაგმენტები განსხვავდება არა მხოლოდ პათოგენების, არამედ ხშირად შტამების მხრივაც კი. სწორედ ამიტომ ხდება გრიპის ვაქცინების განახლება ყოველწლიურად, თანაც ეფექტიანობის სხვადასხვა მაჩვენებლით.

სხვა ე. წ. უნივერსალური ვაქცინები მიზანში იღებენ ერთი ოჯახის ვირუსებს, როგორიცაა გრიპი. თუმცა, სრულიად სხვადასხვა პათოგენების მოცვა, მაგალითად, ბაქტერიებისა და ალერგენებისაც კი — სიტყვა სრულიად ახალ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს ახალი ვაქცინა სხვა მექანიზმით მუშაობს. თავად პათოგენის მიზანში ამოღების ნაცვლად, ფოკუსირდება სხეულის რეაქციაზე. არსებითად, შექმნილია იმუნური სისტემის ორი მთავარი მკლავის დასაკავშირებლად: ხანგრძლივი, მაგრამ სპეციფიკური ადაპტური იმუნიტეტის, რომლითაც ვაქცინათა უმეტესობა მუშაობს; და ხანმოკლე, მაგრამ მრავალფეროვანი თანდაყოლილი იმუნიტეტის.

ეს უკანასკნელი გახლავთ უცნობი საფრთხეებისგან ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი, მაგრამ ზოგადად, რამდენიმე დღეში ქრება მას შემდეგ, რაც ადაპტური იმუნური სისტემა ისწავლის პათოგენთან ბრძოლას.

წინა ნაშრომში, მკვლევრებმა დაადგინეს, რატომ იწვევდა ტუბერკულოზის ჩვეულებრივი ვაქცინა უცნაურად ხანგრძლივ თანდაყოლილ რეაქციას. როგორც ჩანს, T-ლიმფოციტები — ადაპტური რეაქციის ნაწილი — ახდენდნენ თანდაყოლილი იმუნური უჯრედების მობილიზებას და მათ აქტივობას რამდენიმე თვის განმავლობაში.

T-უჯრედების კრიტიკული სიგნალების იზოლირების შემდეგ, ჯგუფმა ამჯერად დაადგინა, რომ მათ შეუძლიათ სინთეზურად მიჰბაძონ თავიანთ „საბრძოლო მოწოდებას“, რათა თანდაყოლილი იმუნიტეტი ნორმალურზე დიდხანს შეინარჩუნონ და ხელი შეუწყონ ერთგვარი უნივერსალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

შემდეგი ნაბიჯია ადამიანებზე ცდები. ჯგუფს იმედი აქვს, რომ თუ კვლევა გაგრძელდება, ამ სახის უნივერსალური ვაქცინები შეიძლება 5-7 წელიწადში გახდეს ხელმისაწვდომი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია med.stanford.edu-ს მიხედვით.