შემოსავლების სამსახური -  მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადასახადის გადამხდელთა შესახებ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან​
შემოსავლების სამსახური - მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადასახადის გადამხდელთა შესახებ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან​

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინვენტარიზაციის მიზნით, შევიდა ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში და მოითხოვა ინვენტარის, ანუ ე.წ. ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადასახადის გადამხდელთა შესახებ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„დღეს გავრცელდა, მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინვენტარიზაციის მიზნით, შევიდა ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში და მოითხოვა ინვენტარის, ანუ ე.წ. ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებაში დასახელებულ გადამხდელთან არ მიმდინარეობს საგადასახადო კონტროლის ღონისძიება. რეალურად, საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე დანერგილ პროგრამაზე – „დეკლარაციების სისწორის კონტროლი“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მოგების ყოველთვიური გადასახადის დეკლარაციების სისწორის შესწავლა.

შემოსავლების სამსახური იყენებს გადამხდელებთან ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელსაც მიმართავს ყველა თანამედროვე საგადასახადო ორგანო. აღნიშნული პროგრამის მიზანია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში უზუსტობების პრევენცია და გადამხდელისთვის მისი დაზუსტების შესაძლებლობის მიცემა, იმგვარად, რომ არ დადგეს საგადასახადო შემოწმების ან საგადასახადო კონტროლის სხვა ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალური პროგრამის მეშვეობით იდენტიფიცირებულ რისკფაქტორებზე დაყრდნობით, ყოველთვიურად ფასდება წარმოდგენილი მოგების დეკლარაციები, რომლის შედეგების საფუძველზე, შეისწავლება დეკლარაციის სისწორე და საჭიროების შემთხვევაში გაიცემა დეკლარაციის დაზუსტების რეკომენდაცია. აღნიშნული პროცედურა არ წარმოადგენს საგადასახადო კონტროლს, პირიქით, არის საკონსულტაციო-პრევენციული ხასიათის და მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელის დაზღვევას შეცდომებისაგან. სხვადასხვა გადასახადის დეკლარაციის კონტროლის პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად შეისწავლება 40 000-მდე დეკლარაცია. სწორედ, მოცემული პროცედურის ფარგლებში, ზემოაღნიშნული პროგრამის მეშვეობით შეირჩა 2021 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციები და მის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელებისგან გამოთხოვილი იქნა ერთი თვის ჭრილში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში ხორციელდება ფულადი სახსრების ნაშთებისა და დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა (რასაც ეწოდება ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია და ახორციელებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი).

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ მოუთხოვია ე.წ. ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადასახადის გადამხდელთა შესახებ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ასევე აცხადებენ, ინფორმაციის გაცნობის მიზნით, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, იხილოს სტანდარტული შეტყობინების ფორმა.

დატოვე კომენტარი