შემოსავლების სამსახური - კომპანია OGT-მ ბიუჯეტში ჩარიცხა მილიონი ლარი და წარმოების გასაახლებლად აქციზური მარკები შეიძინა
შემოსავლების სამსახური - კომპანია OGT-მ ბიუჯეტში ჩარიცხა მილიონი ლარი და წარმოების გასაახლებლად აქციზური მარკები შეიძინა

კომპანია OGT-მ ბიუჯეტში ჩარიცხა მილიონი ლარი და წარმოების გასაახლებლად აქციზური მარკები შეიძინა, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„კომპანია OGT-მ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავალიანების მომსახურების მიზნით, გადაიხადა 1 მლნ ლარი და შემოსავლების სამსახურს თხოვნით მოგვმართა, წარმოების განახლების ნებართვის მისაღებად და ასევე ვალების მომსახურების გასაგრძელებლად. იქიდან გამომდინარე, რომ 1 მლნ ლარი უკვე ჩაირიცხა ბიუჯეტის ანგარიშზე, შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია OGT-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშზე მოიხსნა ინკასო, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს. ეს არის საკმარისი წარმოების გასაახლებლად.

ამავე დროს, კომპანია OGT-მ წარმოების განახლების მიზნით, რა თქმა უნდა, შეიძინა აქციზური მარკები და უახლესი დღეების განმავლობაში ჩვენ OGT-სგან ველოდებით წინადადებათა პაკეტს დავალიანების გადახდის ახალ გრაფიკზე, რომელსაც დაუყოვნებლივ განვიხილავთ.

აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, იმედს გამოვთქვამთ, რომ თუ კომპანია OGT განაგრძობს კეთილსინდისიერად დავალიანების მომსახურებას, სახელმწიფოს ინტერესებშია წარმოების ხელშეწყობაც, განვითარებაც, ისევე როგორც გადასახადების გადახდა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კითხვაზე, რა თანხა გადაიხადა კომპანიამ აქციზური მარკების შესაძენად, მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ OGT-მ აქციზური მარკები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.