„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა
„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პირველ არხს განუცხადა, თამბაქოს კომპანია „ოჯთ“-მ ორი მილიონი ლარი უკვე გადაიხადა და მუშაობა განაახლა.

„ომეგა ჯგუფი“ რამდენიმე ბიზნესერთეულისგან შედგება, „ოჯთ“ არის ერთ-ერთი. კომპანიამ „ომეგა ჯგუფის“ სხვა შემადგენელი კომპანიებიდან ორი მილიონის მობილიზება მოახერხა, აქციზური მარკები მიიღო და მუშაობა განაახლა. მართალია, ეს სამი თვის შემდეგ მოხდა, მაგრამ იმედია, ბაზრის წილის დაბრუნებას შევძლებთ, რომელიც ახლა დაკარგული გვაქვს“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიის დავალიანებას, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ორი მილიონის მობილიზება სწორედ არსებული დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად მოხდა.

„ეს ორი მილიონი სწორედ დავალიანების ნაწილობრივ დაფარვისთვის იქნა მობილიზებული, დარჩენილ თანხას რაც შეეხება, ამის რესტრუქტურიზებაზე ჯერ პასუხი არ არის. ფინანსთა სამინისტროსგან პასუხს მომავალ კვირაში ველოდებით. მთავარია, რომ კომპანია მუშაობს და მიმდინარე გადასახადებს გადაიხდის, ვინც უმუშევარი იყო, დასაქმდება.

ეს ორი მილიონი უკვე გადაირიცხა ბიუჯეტში ვალის ნაწილის დაფარვისთვის, დანარჩენ თანხას რაც შეეხება, საუბარია რესტრუქტურიზაციაზე“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

დატოვე კომენტარი