შეკრებას ლორია და კვირკველია შეუერთდნენ, დავითაშვილსა და კვარაცხელიას ელიან - საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის ემზადება #1TVSPORT
უკვე სამი დღეა, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისთვის „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.
ვილი სანიოლის გუნდი კვლავ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. მესამე დღეს გამართულ წვრთნაში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე გუნდთან ერთად არიან მეკარე გიორგი ლორია და ცენტრალური მცველი საბა კვირკველია.
ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე.
ყველაზე საინტერესოა, რომ სიაში ზურიკო დავითაშვილია. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში მისი გუნდის, „ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩი ჩაიშალა, რომელზეც ვერდიქტს საფრანგეთის ფედერაცია 12 ივნისის შემდეგ გამოიტანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დავითაშვილს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებაში ხელს არ შეუშლის.
მატჩების განრიგი
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო
საქართველოს ნაკრების შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).