რომან გოცირიძე - შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინეს უკრაინის სპეცსამსახურებმა
რომან გოცირიძე - შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინეს უკრაინის სპეცსამსახურებმა

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უხეშად და ნებისმიერი ფორმით ჩაერევა საქართველოს მომავალ არჩევნებში და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება უკრაინის უკრაინის სპეცსამსახურებმა გახსნეს.

„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არა ერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის, მოწამვლებისა და მკვლელობების სახით. როგორც ირკვევა, ეს პროცესი გახსნილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. საქართველოს ხელისუფლება არა ერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ისინი თავისუფლად დადიოდნენ თბილისში, ბათუმში და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ისტერია იყო ატეხილი. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. ამასთანავე, უნდა ითქვას, თუ როგორი საჩუქარი მიუძღვნა რუსეთმა „ქართულ ოცნებას“, როცა მან დადგა ციხის კადრები, როცა რაფალიანცის მკვლელობის სახით შექმნა ქვეყანაში ფსიქოზი, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მაშინ არჩევნებზე. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უხეშად და ნებისმიერი ფორმით ჩაერევა საქართველოს მომავალ არჩევნებში და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.